ტყიბულში მეშახტეები მსვლელობას მართავენ. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, რომელსაც ხვალ გამართავენ.
„მოვუწოდებთ ბაზრის მოვაჭრეებს, პენსიონერებს და მოსწავლეების მშობლებს შემოგვიერთდნენ, ვინაიდან ახლა წყდება ტყიბულის, როგორც ქალაქის სიცოცხლის საკითხი”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ხვიჩა გაბუნიამ.
ამასთნ, მეშახტეები მოუწოდებენ მშობლებს, ხვალ ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელდარ ჩაფიძე. ჩაფიძის თქმით, შახტებში უბედური შემთხვევების რისკი შემცირდა.
„ერთი წლის მანძილზე, რაც შახტებში მადნეულის მოპოვების პროცესი შეწყდა, ვაწარმოებთ სამუშაოებს და ამ ეტაპზეა მწყობრშია როგორც ელმავლები, ისე საველე შტოლნები და ნახშირის მოპოვებასთან დამაკავშირებელი ყველა დეტალი. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ნულამდე შემცირდა რისკი, მაგრამ საფრთხემ იკლო“, – განაცხადა ელდარ ჩაფიძემ.
მეშახტეები დღეს დილიდან „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.