„ტვიტერმა“ რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო მოხელეების ანგარიშების მონიშვნა დაიწყო
„ტვიტერმა“ რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო მოხელეების ანგარიშების მონიშვნა დაიწყო

„ტვიტერმა“ რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო მოხელეების ანგარიშების მონიშვნა დაიწყო. კერძოდ, საუბარია აშშ-ზე, დიდი ბრიტანეთზე, ჩინეთზე, რუსეთსა და საფრანგეთზე. ამასთან, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების გვერდებს არ მონიშნავენ.

როგორც ტვიტერის ადმინისტრაციაში ამბობენ, შესაბამისი ზომების მიღების შედეგად, სოციალური ქსელის მომხმარებლები „უფრო გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ“.

„როდესაც ადამიანები ხედავენ სხვა ქვეყნის ანგარიშს, რომელშიც გეოპოლიტიკური საკითხები განიხილება, მათ უნდა იცოდნენ ამ ანგარიშის წარმომავლობა და უნდა ჰქონდეთ მეტ-ნაკლები ინფორმაცია, თუ ვის წარმოადგენს ეს ანგარიში“, – აცხადებენ ტვიტერში.

სიახლე შეეხო როგორც მედიასაშუალებების გვერდებს, ისე მათთან აფილირებულ მთავარ რედაქტორებს. თუმცა, როგორც ტვიტერში განმარტეს, ისინი არ მონიშნავენ სახელმწიფოების მიერ დაფინანსებულ იმ მედიასაშუალებებს, რომელთაც სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დროთა განმავლობაში მონიშვნის პრაქტიკა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება.