„ტვიტერის“ ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპის ანგარიშის წაშლა სწორი და სახიფათო გადაწყვეტილება იყო
„ტვიტერის“ ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპის ანგარიშის წაშლა „სწორი“ და „სახიფათო“ გადაწყვეტილება იყო. ეს განცხადება ჯეკ დორსიმ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გააკეთა.
მისივე თქმით, ის დამწუხრებულია მომხდარის გამო და აცხადებს, რომ ეს ნაწილობრივ „ტვიტერის“ ჩავარდნაა, რადგან სოციალური ქსელის მესვეურებმა ვერ შეძლეს პლატფორმაზე „ჯანსაღი დიალოგის“ ხელშეწყობა.
დორსიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტრამპის გვერდის წაშლამდე მათ მკაფიოდ გააფრთხილეს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ის წესებს არღვევდა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ „ტვიტერის“ ეს გადაწყვეტილება ღია და თავისუფალ ინტერნეტზე აისახება.
„ასეთი ქმედებები საჯარო დისკუსიის ფრაგმენტაციას ახდენს. ეს ნაბიჯები გვყოფს და ქმნის პრეცედენტს, რომელიც სახიფათოა“, – განაცხადა „ტვიტერის“ ხელმძღვანელმა.
მან ასევე უპასუხა საზოგადოების ნაწილის კრიტიკას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის გვერდის გაუქმება შესაძლოა, ცენზურად ჩაითვალოს.
„ბიზნესში ჩართული კომპანიის გადაწყვეტილება, მოახდინოს საკუთარი თავის მოდერაცია, განსხვავდება მთავრობის გადაწყვეტილებისგან, დაბლოკოს მოქალაქე, თუმცა შეიძლება ეს ანალოგიურ გრძნობებს იწვევდეს“, – განაცხადა დორსიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის გვერდის წაშლა „ტვიტერმა“ ტრამპის მხარდამჭერების მიერ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა. ეს ნაბიჯი დაგმო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც მომხდარს პრობლემატური საკითხი უწოდა.