თვალი ადევნეთ „პერსევერანსის“ მარსზე დაშვებას პირდაპირ ეთერში — #1tvმეცნიერება
დაახლოებით ორ საათში, NASA-ს ახალი მარსმავალი წითელ პლანეტაზე დაშვებას დაიწყებს. მისიის მართვის ცენტრიდან, აშშ-ის კოსმოსური სააგენტის რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთში, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება. პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ NASA-ს ვებგვერდზე, YouTube არხსა და Facebook გვრდზე.
თბილისის დროით 00:48 საათზე „პერსევერანსი“ მარსის ატმოსფეროს ზედა ნაწილში შევა და დაიწყება მისიის გადამწყვეტი ფაზა, ე. წ. ტერორის შვიდი წუთი.
დამცავი გარსი, რომელშიც „პერსევერანსი“, მინი-ვერტმფრენი „ინჯენუიტი“ და დაშვების მანქანა, სახელად Skycrane-ია მოთავსებული, მარსის ატმოსფეროში 19 500 კმ/სთ სიჩქარით შევა.
სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ, მარსის ატმოსფეროს ზედა ნაწილთან ხახუნის გამო, გარსის გარე ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, 1300 გრადუს ცელსიუსს. საბედნიეროდ, გარსის წინა ნაწილი სიცხისგან დამცავი ფარით არის დაცული.
00:52 საათზე გაიხსნება 21,5-მეტრიანი პარაშუტი და სიცხისგან დამცავი ფარიც მოსძვრება. ორი წუთის შემდეგ გამოეყოფა დამცავის უკანა ნაწილიც. ამის შემდეგ, 2,7 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი Skycrane-ი, რომელიც რვა ძრავით არის აღჭურვილი, ზედაპირიდან დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან, მავალს 7,6-მეტრიანი ნეილონის თოკებით დაბლა ჩაუშვებს.
როდესაც მისი სიჩქარე 2,5 კმ/სთ-მდე შემცირდება და ჩაშვებული მავალი ზედაპირს შეეხება, თოკები გაწყდება. თბილისის დროით 00:55 საათზე „პერსევერანსი“ უკვე მარსის ზედაპირზე იქნება, დამშვები მექანიზმი Skycrane-ი კი მას მოსწყდება, გაფრინდება და უსაფრთხო მანძილზე დაეცემა.
„პერსევერანსი“ ეზეროს კრატერში დაჯდება — 45 კმ სიგანის აუზში მდინარის ძველი, დამშრალი დელტათი, კლდეებით, დიუნებითა და ქვა-ღორღიანი ველებით, სადაც ის უძველესი, პრიმიტიული სიცოცხლის კვალს მოძებნის.