თვალი ადევნეთ დედამიწისკენ უკონტროლოდ მომავალი ჩინური რაკეტის ტრაექტორიას ონლაინ — #1tvმეცნიერება
20:31, 08.05.2021
ჩინეთის უზარმაზარი რაკეტა Long March 5B-ის გამწევი მოწყობილობა დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართება; ატმოსფეროში ის სავარაუდოდ 9 მაისის დილას შემოვა და მისი ტრაექტორიისთვის თვალის მიდევნება რამდენიმე ვებგვერდზე შეგიძლიათ.
21-ტონიანი რაკეტის გამწევი სავარაუდოდ დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტს ოკეანე ფარავს. მიუხედავად ამისა, ყოველი შემთხვევისთვის, მის ტრაექტორიას მსოფლიოს მრავალი ორგანიზაცია დეტალურად აკვირდება.
ატმოსფეროში შემოსვლის ზუსტი დრო და შესაძლო ჩამოვარდნის ადგილი უცნობია, რადგან ის სრულიად უკონტროლოდ მოძრაობს. რაკეტის ბირთვი ამჟამად დედამიწის ორბიტაზეა და ჩვენს პლანეტას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ, წამში 7 კილომეტრის სიჩქარით.
ასტრონომთა ვარაუდით, რაკეტის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩეს და ჩამოცვივდეს.
Aerospace Corp.-ის მონაცემებით, რომელიც ობიექტის ტრაექტორიას უთვალთვალებს, ამ მომენტისთვის, რაკეტის ატმოსფეროში შემოსვლა ნავარაუდევია 9 მაისის დილის 08:19 წუთიდან. ორგანიზაცია სიახლეებს რეგულარულად აქვეყნებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც რაკეტის შესახებ უახლეს ამბებს შეგიძლიათ გაეცნოთ, არის ასტრონომ ჯონათან მაკდაუელის „ტვიტერი“.
რაკეტა Long March 5B ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. T-ის ფორმის სადგური რამდენიმე მოდულისგან იქნება აწყობილი.
რაკეტის ტრაექტორიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ბმულზე.