თუშეთში გაიმართება დისკუსია - თუშური არქიტექტურა, ტურიზმი და გამოწვევები
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 31 აგვისტოს თუშეთში მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე – თუშური არქიტექტურა, ტურიზმი და გამოწვევები.
2018 წელს თუშეთში მდებარე ათ სოფელსა და ნასოფლარს: ნასოფლარი აგეურთა, ნასოფლარი გირევი, ნასოფლარი დაქიურთა, ციხე-სოფელი ძველი დიკლო, ნასოფლარი ინდურთა, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, ნასოფლარი წარო, ნასოფლარი ჭონთიო, ნასოფლარი ჰეღო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. მანამდე თუშეთში ძეგლის სტატუსი მხოლოდ დართლოს, ზემო ომალოსა და დოჭუს ჰქონდა.
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წელს თუშეთს 15 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ადგილობრივები ძველი სახლების რეაბილიტაციას ახდენენ, უმეტეს შემთხვევაში კი ახალ შენობებს აშენებენ, რაც თუშური არქიტექტურისთვის შეუსაბამოა და ამახინჯებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეს. ყველაზე მეტად არის დამახინჯებული სოფელი ომალო (ზემო ომალო). ბევრ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებს მშენებლობის ნებართვაც არ აქვთ, რის გამოც რამდენიმე ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია.
ინტერნეტგამოცემა „მთის ამბების“ მიერ 2018 წლის 15 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, თუშეთის სოფლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 200 ვიზიტორიდან, 68 %-ის თუშეთში სტუმრობის მიზანი, ისტორიული სოფლებისა და ციხე-კოშკების დათვალიერებაა.
საკმარისად რეაგირებენ თუ არა სახელმწიფო უწყებები თუშეთში უნებართვო მშენებლობებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვა და ბიზნესის დაწყება სურთ, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო, რას ითვალისწინებს თუშეთის სოფლების განაშენიანების გეგმა ამ საკითხების მოსაგვარებლად, რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს თუშეთის და განსაკუთრებით დეპრესიული სოფლების განვითარებისთვის,- ამ და სხვა კითხვებზე დისკუსიაში მონაწილე სხვადასხვა პირებთან ერთად, თუშეთის ურბანული განვითარების თემით დაინტერესებული საზოგადოებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე უპასუხებს.
დისკუსია გაიმართება სოფელ ომალოში, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.