თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტს სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების შესრულების თაობაზე მიმართა
თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტს სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების შესრულების თაობაზე განაცხადით მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაცია სომხურ მედიასთან სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პრესმდივანმა სონა არუთინიანმა დაადასტურა.
„პეგასუს ეარლაინსმა“ მიმართა სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტს თებერვლის დასაწყისიდან სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების კვირაში 2-ჯერ განხორციელების თაობაზე“, – განაცხადა არუთინიანმა.
როგორც აღინიშნა, განაცხადს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
მანამდე, სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა დაუშვა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს მიერ ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელება.