თურქული მედიის ცნობით, თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვა შესაძლოა, ახალ წლამდე დაიწყოს, განიხილება სახმელეთო გადასასვლელი პუნქტის, ალიკანის გახსნაც
თურქული მედიის ცნობით, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. „ჰურაიეთ დეილი“ იუწყება, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვა შესაძლოა, ახალ წლამდე დაიწყოს. მოლაპარაკების პროცესში ჩართული პირი თურქულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ სატვირთო თვითმფრინავების ფრენები შესაძლოა, 31 დეკემბრამდე დაიწყოს.
„სომხეთი თურქეთიდან ტვირთს საქართველოს გავლით იღებდა. სატვირთო თვითმფრინავების ფრენების დაწყების შემდეგ თურქულ პროდუქტებს სომხეთში პირდაპირი ჩაიტანენ“, – აცხადებს თურქეთის ოფიციალური პირი თურქულ მედიასთან საუბრისას.
მედიის ცნობით, ასევე განხილვის პროცესშია ალიკანის გადასასვლელი პუნქტის გახსნაც, რომელიც 1993 წლიდან დახურულია. როგორც „ჰურაიეთ დეილი“ წერს, ამ გადასვლელის გასახსნელად აუცილებელია 128-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია.
თურქული მედია ასევე იტყობინება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მესამე ეტაპზე დაგეგმილია მოლაპარაკების დაწყება ორმხრივი ვაჭრობის აღდგენაზე. მედიიც ცნობით, ამ საკითხზე ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია.