თურქული მედია - ერდოღანმა შვედეთის პრემიერს უთხრა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა უკმაყოფილოა შვედეთში ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის გამო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და აღნიშნა, რომ სოლიდარობა ალიანსის ფუნდამენტური ღირებულებაა, როგორც წევრი ქვეყნების, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების კუთხით. მისი თქმით, თურქეთი უკმაყოფილებას გამოხატავს შვედეთში ტერორისტული ორგანიზაციების – PKK/YPG-ის და FETÖ-ს საქმიანობის გამო.
თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციებისადმი შვედეთის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა შეწყდეს. ერდოღანმა მაგდალენა ანდერსონს ასევე მოუწოდა, მოხსნას თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე დაწესებული შეზღუდვები.