თურქმენეთის პრეზიდენტი „ჯოჯოხეთის კარიბჭეში“ ცეცხლის ჩაქრობას გეგმავს — #1tvმეცნიერება
თურქმენეთის პრეზიდენტმა ექსპერტებს ე. წ. ჯოჯოხეთის კარიბჭის ჩაქრობის გზების მოძებნა დაავალა. ასე უწოდებენ ბუნებრივი გაზის გიგანტურ კრატერს, რომელშიც უკვე 50 წელიწადზე მეტია, ცეცხლი გიზგიზებს.
სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ოფიციალურ პირებს მოუწოდა, რომ ყარაყუმის უდაბნოში მდებარე დარვაზის კრატერში ცეცხლი ჩააქრონ; მიზეზად პრეზიდენტი გარემოსდაცვით და ეკონომიკურ საფრთხეებს ასახელებს.
ცეცხლის ჩაქრობის გზების მოძებნა ბერდიმუხამედოვმა ექსპერტებს 2010 წელსაც დაავალა; კრატერში ცეცხლი 1971 წლიდან ანთია, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული გაბურღვითი ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს ხელოვნური კრატერი უარყოფითად მოქმედებს როგორც გარემოზე, ისე ახლომახლო მოსახლეობაზე.
„ღირებულ ბუნებრივ რესურსს ვკარგავთ, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგვცემდა, რაც ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ“, — აღნიშნა სატელევიზიო გამოსვლაში ბერდიმუხამედოვმა.
კრატერი 1971 წელს გაზის კავერნასთან (კარსტული სიცარიელე) მიმდინარე გაბურღვით სამუშაოებზე მომხდარი ავარიის დროს, მიწის ჩანგრევის შედეგად წარმოიქმნა.
სახიფათო აირების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საბჭოთა კავშირმა კრატერიდან ამომავალ აირებს ცეცხლი წაუკიდა.
თხრილში ცეცხლი მას შემდეგ გიზგიზებს და ამ საკითხის მოგვარების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
კრატერის სიგანე 70 მეტრია, სიღრმე 20 მეტრი და წარმოადგენს საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.
2018 წელს, პრეზიდენტმა მას ოფიციალურად დაარქვა „ყარაყუმის მნათობი“.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.