თურქეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. რაც შეეხება დაშავებულებს, ხუთი მათგანი სამედიცინო ცენტრებიდან უკვე გაწერეს, დანარჩენები კი მკურნალობის კურსს გადიან.
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჩანაქკალეს პროვინციიდან დედაქალაქ ანკარას მიმართულებით მიემგზავრებოდა, როდესაც ქალაქ ბალიქესირთან ახლოს, ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტრაგედია შემთხვევითობა არ ყოფილა, რადგან ხანძარი ავტობუსის სალონში გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.