თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ემზადებიან
თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ემზადებიან

თურქეთში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან.

თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში მდებარე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“, ნატო-ს და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები.

ერდოღანი ფიცს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში დადებს და პრეზიდენტობის ახალ ვადას დაიწყებს. ის მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღებს.

ცერემონიის შემდეგ ერდოღანი 15:00 საათზე ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. შემდეგ, 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი სტუმრებს სადილზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს. ამის შემდეგ თურქეთის მთავრობის ახალი კაბინეტი გამოცხადდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა. ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 47.82 პროცენტი მიიღო.