თურქეთში, იუსუფელის რაიონში მასშტაბური ხანძრის შედეგად 100-მდე შენობა დაიწვა
ართვინის რეგიონის იუსუფელის რაიონში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგად 100-მდე შენობა დაიწვა.
თურქეთის მედიის ინფორმაციით, ხანძარი სოფელ დერეიჩიში ხის სახლებს გაუჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად სოფლის დიდ ნაწილზე გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 35 შენობა და 60 საცხოვრებელი სახლი, დაღუპულია შინაური პირუტყვი. ძლიერი ხანძრის ჩაქრობა წვიმის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
იუსუფელის რაიონის სოფელ დერეიჩიში, სადაც 400 მოსახლეა, ცეცხლი ერთ-ერთ სახლს 17 მარტს, დღისით გაუჩნდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. თურქული მედია წერს, რომ ხანძრისგან მიყენებული ზარალი დილით გახდა ცნობილი, რადგან გაირკვა, რომ ბევრი სახლი მთიანად დამწვარია.
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამ“ მოქალაქეებს წყალი, საკვები და სხვა ნივთები დაურიგა. დერეიჩიში კარვებია გაშლილი.