თურქეთში გადასვლის ახალი რეგულაციების საკითხზე ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნატორს შეხვდება
თურქეთში გადასვლის ახალი რეგულაციების საკითხზე ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნატორს შეხვდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთში გადასვლის ახალი რეგულაციების საკითხზე ართვინის გუბერნატორს შეხვდება. მისივე თქმით, სარფში შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა და იქ მყოფებსაც შეხვდება.

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლებაც არის ჩართული ამ საკითხის მოგვარების თვალსაზრისით. ზუსტად ამის შედეგი არის დღევანდელი დაგეგმილი შეხვედრა. ართვინის გუბერნიაში შევხვდები ართვინის გუბერნატორს, რომელიც სარფის საბაჟოს კურირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ კონსენსუსს, რათა ორი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ თანაბარ პირობებში საზღვრის გადაკვეთა, ეკონომიკური შემადგენელიც მნიშვნელოვანია, რათა ხალხს მიეცეს საშუალება, იმგზავროს და არ ჰქონდეს შეფერხებები.

ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მე ახლა შევხვდები იმ ადამიანებს, ვინც სარფის საბაჟოზე დგას. რამდენიმე საათში დავბრუნდები თურქეთის რესპუბლიკიდან და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – აღნიშნა პატარაძემ.

მისივე თქმით, დილიდან შეხვედრა ჰქონდა თურქეთის გენერალურ კონსულთან.

„ამავდროულად, მქონდა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თურქეთში ჩვენს საელჩოსთან. მიმდინარეობს მუშაობა, იმართება შეხვედრები სხვადასხვა ინსტანციებში, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული ორ ხალხს შორის პარიტეტული ურთიერთობა, მიმოსვლა, მგზავრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – დასძინა პატარაძემ.

სარფის საბაჟოზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ, იმ რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც პირველი იანვრიდან თურქეთის მთავრობამ აამოქმედა.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.