თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 85 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს
ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 85 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს.
ანკარის პროკურატურა თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობაში „ფეტოს“ შეღწევის საქმეს იძიებს. პროკურორებმა საერთო ჯამში 110 ჯარისკაცის დაკავების ორდერი გასცეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ჯარისკაცები, რომლებსაც სავარაუდოდ „ფეტოს“ ფარულ იმამებთან პერიოდული კავშირი ჰქონდათ, სამი პოლკოვნიკი, ორი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, ესკადრონის ექვსი მეთაური, სამი კაპიტანი, 18 პირველი კლასის ლეიტენანტი და 77 სერჟანტი არიან. ეჭვმიტანილებს შორის ხუთი სამხედრო მფრინავია.
სპეცოპერაცია თურქეთის 16 პროვინციაში ჩატარდა. 25 ეჭვმიტანილის დასაკავებლად ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. თურქეთის ხელისუფლება გიულენს სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს. მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ბრალდებებს უარყოფს.