თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 238 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს
თურქეთში მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 238 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს.
როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, ოპერაცია ქვეყნის 60 პროვინციაში ჩატარდა. პოლიციის რეიდების დროს დააკავეს 160 ადამიანი.
ეჭვმიტანილები ასევე დააკავეს ჩრდილოეთ კვიპროსში, სადაც თურქეთის სამხედრო დანაყოფებია განთავსებული.
ეჭვმიტანილებს შორის 218 მოქმედი სამხედროა, მათ შორის ექვსი პოლკოვნიკია.
თურქეთი ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს, რასაც გიულენი კატეგორიულად უარყოფს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში დააკავეს 80 ათასამდე ადამიანი. 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს.