თურქეთის პირველი ბირთვული ენერგიის სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონია 3 აპრილს გაიმართება. სადგური მერსინის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან შენდება. ობიექტს რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ი აშენებს.
ბირთვულ სადგურს ოთხი ბლოკი ექნება, თითოეული მათგანი 1 200 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მშენებლობის ღირებულება 20 მილიარდი დოლარია.
ბირთვული ობიექტი სრული დატვირთვის შემთხვევაში თურქეთის ელექტრო საჭიროების 10%-ს გამოიმუშავებს.
სადგური მუშაობას 2023 წლიდან დაიწყებს, სრული დატვირთვით კი 2025 წლიდან ამუშავდება.
ბირთვულ სადგურზე მუშაობის მიზნით, 248 თურქ სტუდენტს რუსეთში სასწავლო პროგრამები გაატარეს. ობიექტის აშენების ხელშეკრულება თურქეთსა და რუსეთს შორის 2010 წელს გაფორმდა.