თურქეთში აცხადებენ, რომ რუსულ სარაკეტო სისტემებს აპრილში გაააქტიურებენ
თურქეთი რუსულ სარაკეტო სისტემებს აპრილში გაააქტიურებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა გააკეთა.
„ჩვენ პრინციპებზე დამყარებული თამაშის წესებით ვმოქმედებთ. ჩვენმა პრეზიდენტმა რუსულ საზენიტო კომპლექს „ეს-400“-თან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასცა პასუხი. ეს კომპლექსები აპრილში ამოქმედდება“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი უახლესი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.
რაც შეეხება სირიაში ვითარების დაძაბვას, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰელუსი აქარმა თქვა, რომ „თურქეთი რუსეთთან დაპირისპირებას არ აპირებს“.
„ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ, რათა ეს არ მოხდეს. იდლიბში ჩვენი მთავრი მოთხოვნაა, რომ ბაშარ ასადის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვას“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
მედიასაშუალებების ცნობით, 20 თებერვალს თურქეთის მხარდაჭერით მოქმედმა ძალებმა იდლიბში კონტრშეტევა წამოიწყეს და ახალი ტერიტორიების დაკავება შეძლეს.
ამასთან ერთად, თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე მიტანილი ავიაიერიშების შედეგად 20 თებერვალს ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.