თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული 17-დღიანი სრული ჩაკეტვის რეჟიმი დასრულდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების შედეგად ინფექციის გავრცელებამ იკლო და 17 მაისიდან „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის 15-დღიანი პერიოდი დაიწყო, რომელიც პირველ ივნისს დასრულდება.
ახალი რეგულაციის ფარგლებში, სამუშაო დღეებში ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, შაბათ-კვირას კი ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. სავაჭრო ცენტრებს სამუშაო დღეებში საქმიანობა დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ, შაბათ-კვირას კი დაიკეტება. საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები დაკეტილი დარჩება.
თურქეთში 14,96 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 10,83 მილიონზე მეტი ადამიანი სრულად არის აცრილი.