თურქეთმა სირიის იდლიბის პროვინციისკენ მძიმე ტექნიკა 150 სატვირთო ავტომობილით გაგზავნა
თურქეთმა სირიის იდლიბის პროვინციისკენ მძიმე ტექნიკა 150 სატვირთო ავტომობილით გაგზავნა

თურქეთმა სირიის იდლიბის პროვინციისკენ მძიმე ტექნიკა 150 სატვირთო ავტომობილით გაგზავნა. თურქული მედიის ინფორმაციით, სირიის მოსაზღვრე რეიჰანლის რაიონში სატვირთო ავტომობილებით ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ჩაიტანეს.

თურქეთი მძიმე ტექნიკას, სავარაუდოდ, იდლიბის პროვინციაში განსაზღვრულ დეესკალაციის ზონაში, სადამკვირვებლო ადგილების გასაძლიერებლად გამოიყენებს. თურქეთის ხელისუფლება ითხოვს, რომ სირიის სამთავრობო არმია თურქული სადამკვირვებლო ზონების მიმდებარე ტერიტორიიდან გავიდეს.

2017 წლის მაისში თურქეთის, რუსეთისა და ირანის შეთანხმებით, სირიაში დეესკალაციის ოთხი ზონა შეიქმნა. 2018 წელს სამი ზონა დამასკოს კონტროლის ქვეშ გადავიდა. 2018 წლის სექტემბერში, რუსეთი და თურქეთი იდლიბის პროვინციაში დემილიტარიზაციის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის ხელისუფლება იდლიბის აღებას ცდილობს. თურქეთი სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს, რომლებიც სწორედ იდლიბის რეგიონში არიან კონცენტრირებული.