თურქეთმა დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებს წარუდგინა მოთხოვნა, რომ ანკარასთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე სადაზვერვო ორგანიზაციები ქვეყანაში ოპერაციების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ
თურქეთმა დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებს ახალი მოთხოვნა წარუდგინა. თურქული მედიის ინფორმაციით, დასავლური სადაზვერვო ორგანიზაციები ანკარასთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გარეშე თურქეთში ოპერაციების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ.
თურქული მედია წერს, რომ ზოგიერთმა დასავლურმა სადაზვერვო ორგანიზაციამ შეძლო თურქეთში საქმის კეთება, ნებართვის გარეშე ჩასვლა და გამგზავრება.
თურქი დიპლომატი, რომლის ვინაობას ადგილობრივი მედია არ ასახელებს, აცხადებს, რომ დასავლური სადაზვერვო სამსახურების თვითმფრინავები თურქეთში ჩადიოდნენ, ჩერდებოდნენ და მიდიოდნენ, თურქეთის ხელისუფლებას კი ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ იმყოფებოდა ბორტზე ან რას აკეთებდნენ.
თურქული დიპლომატიური წყაროს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლურ სპეცსამსახურებს განუცხადა, რომ მსგავსი ოპერაციები ინფორმაციის გაზიარების გარეშე ვეღარ ჩატარდება.
თურქული მედიის ცნობით, დასავლეთის რეაქცია მწვავე იყო.
„თავდაპირველად მათ მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. დაიწყეს ჭორების გავრცელება, რომ ეს ირანის მხარდაჭერას ნიშნავდა, მაგრამ ამაო იყო, რადგან, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, თურქეთმა აჩვენა თავისი ეროვნული პოზიცია, ითქვა, რომ რამეს თუ აპირებთ, უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია“, – აცხადებს ანონიმური დიპლომატიური წყარო.