თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის გენშტაბმა ცოტა ხნის წინ სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ განაცხადა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება.
მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.
თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, განდევნოს აფრინიდან ქურთები, რომლებმაც აღნიშნული რაიონი 2012 წელს დაიკავეს.
დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ აფრინში ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია ფაქტობრივად, დაიწყო. მმართველი პარტიის კონფერენციაზე გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ აფრინის შემდეგ, სამხედრო ოპერაცია დაიწყება მანბიჯში, რადგან, მისი თქმით, ანკარისთვის მიცემული პირობები არ შესრულდა.
თავის მხრივ, სირიის ხელისუფლებამ თურქეთი გააფრთხილა, რომ სირიის შეიარაღებული ძალები სამხედრო თვითმფრინვებს ჩამოაგდებენ.
რეგიონში ვითარების ესკალაციამ ნატო-ს ორ მოკავშირეს, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაამწვავოს, რადგან აშშ ქურთ მებრძოლებს უჭერს მხარს.
თურქეთმა აფრინში ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა აშშ-ს მიერ სირიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების შექმნის გეგმის შესახებ. აღნიშნულ ძალებში ქურთი მებრძოლები გაერთიანდებიან.
ბაშარ ასადის მოკავშირე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფრინის რაიონში კონფლიქტში არ ჩაერევიან. რუსეთის თავდაცვის უწყებამ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა. სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყება ვაშინგტონის პროვოკაციულმა ნაბიჯებმა გამოიწვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს ქურთებისთვის შეიარაღების უკონტროლო მიწოდებაში ადანაშაულებს.
თურქეთის ხელისუფლება სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შესაძლებლობის შესახებ ბოლო რამდენიმე თვე საუბრობდა. ანკარა სირიელი ქურთების რაზმებს “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირში ადანაშაულებს. აღნიშნულ პარტიას კი, თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.
თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქალაქ აფრინის რაიონში 10 ათასამდე ქურთი მებრძოლი იმყოფება.