თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტალიაში ხვალ შეხვედრას გამართავენ
თურქეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრები მევლუთ ჩავუშოღლუ და სერგეი ლავროვი ხვალ, 30 ივნისს ანტალიაში შეხვედრას გამართავენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეები განიხილავენ როგორც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ თემებს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის, უკრაინის, შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის საკითხებს.
იგეგმება სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების საკითხის საგნობრივი განხილვა. აგრეთვე ამ ქვეყნის იდლიბის რეგიონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა მდგომარეობა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.
მხარეები მოსაზრებებს გაცვლიან ლიბიაში არსებული სიტუაციის სამომავლო განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
თურქი და რუსი მინისტრები ცალკეულ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნებს შორის მაღალტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით.