თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სტამბოლში ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს
ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა, ისევე როგორც სხვა კონფლიქტები რეგიონში, არ მოგვარდება იქამდე, ვიდრე პალესტინა სახელმწიფოდ არ იქნება აღიარებული. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა სტამბოლში ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუქრისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრებმა, მათ შორის, ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი განიხილეს. ჰაქან ფიდანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის პრიორიტეტი ისრაელის ოკუპაციის დასრულება უნდა იყოს.
„ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს ისრაელის ოკუპაციის დასრულება და ორი სახელმწიფოს ფორმულის განხორციელება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი მთელი მსოფლიოსთვის არის საფრთხის შემქმნელი.