თურქეთის უსაფრთხოების სამსახური ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით პოლიციის 108 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ოპერაციას ატარებს
თურქეთის უსაფრთხოების სამსახური ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით პოლიციის 108 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ოპერაციას ატარებს. ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია NTV სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეცოპერაცია თურქეთის 30 პროვინციაში ერთდროულად მიმდინარეობს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავების ორდერი ანკარის პროკურატურამ გასცა და ამ დროისთვის უკვე ცნობილი მქადაგებლის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირის ბრალდებით 60 ეჭვმიტანილია დაკავებული.
2016 წლის 16 ივლისის ღამეს ამბოხებულთა ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. აღნიშნული მოვლენების დროს ძირითადად ანკარასა და სტამბოლში თურქეთის 204 მოქალაქე დაიღუპა, ორი ათასზე მეტი კი დაშავდა. ამბოხება ჩავარდა, რის შემდეგაც თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. 140 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე სამსახურიდან გაათავისუფლეს. თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობაში მონაწილედ ფეთჰულა გიულენი და მისი ორგანიზაცია დაასახელა. აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ბრალდებებს უარყოფს.