თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ეგეოსის ზღვის საკითხებთან დაკავშირებით საბერძნეთი თურქეთთან კონსულტაციებს თავს არიდებს და დიალოგის საბოტაჟს ეწევა
ეგეოსის ზღვის საკითხებთან დაკავშირებით საბერძნეთი თურქეთთან კონსულტაციებს თავს არიდებს და დიალოგის საბოტაჟს ეწევა, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.
თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთი ბერძენი პოლიტიკოსი და თავდაცვის მაღალჩინოსანი მიზნად ისახავს ადგილობრივი საკითხების „გადაფარვას“ თურქეთთან დაძაბულობის მუდმივი გაზრდით.
ჰულუსი აქარის განცხადებით, ათენი ცდილობს, საბერძნეთსა და თურქეთს შორის არსებული პრობლემები წარმოაჩინოს, როგორც ნატო-სთან, აშშ-სა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები.
„საბერძნეთთან დაკავშირებული მრავალი მიზეზი არსებობს, რომ რაიმე შედეგი არ მივიღოთ. საბერძნეთში ახლა ბევრი სკანდალია. არის მოსმენების სკანდალი, მიგრაციის სკანდალი და კორუფცია. ჩვენ გვინდა, მათ დაინახონ, რომ მათი გადარჩენა შეუძლებელია დაძაბულობის შექმნით და დივერსია მომგებიანი არ არის“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა.