თურქეთის შს მინისტრი - ჩვენ გვაქვს აშშ-ში ქონება - „ფეტო“, რომელსაც იქ არ დავტოვებთ და წამოვიღებთ
ჩვენ გვაქვს აშშ-ში ქონება – „ფეტო“, რომელსაც იქ არ დავტოვებთ და წამოვიღებთ,- ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად განაცხადა.
აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შინა პატიმრობაში დატოვების გამო სანქციები სწორედ თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს დაუწესა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის განცხადებით, ვაშინგტონი თურქი მინისტრების ქონებას ან ქონების მიმართ ინტერესს დაბლოკავს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრი, აბდულჰამით გიული აცხადებს, რომ თურქეთის გარეთ ქონებას არ ფლობს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ნაბიჯს „მცდარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს და საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება.