თურქეთის შს მინისტრი აშშ-ის ელჩს მიმართავს - ხელები შორს თურქეთისგან
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ აშშ-ს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მცდელობაში სდებს ბრალს და აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართავს, „შორს ჰქონდეს ხელები თურქეთისგან“.
მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ყველა ელჩი თურქეთში ჩამოსვლისას ჩქარობს, გაარკვიოს, როგორ არის შესაძლებელი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.
„მივმართავ აშშ-ის ელჩს აქედან. მე ვიცი, რომელ ჟურნალისტებს აწერინებთ სტატიებს, ხელები შორს გქონდეთ თურქეთისგან. მკაფიოდ ვიცი, რა ჩაიდინეთ, რა ნაბიჯები გადადგით, როგორ გინდათ, შეარყიოთ თურქეთი“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტალიაში ბრიფინგზე.
მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და აშშ-მა გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები, რომ თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების რისკი გაზრდილია. ამის გამო რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ თურქეთში განლაგებული დიპლომატიური მისიების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთში უკმაყოფილება გამოიწვია და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ევროპაში გამართული აქციების დროს ყურანის დაწვას.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღნიშნეს, რომ „სიცრუეს წარმოადგენს ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ-ის მთავრობას კავშირი აქვს თურქეთის დესტაბილიზაციის ძალისხმევასთან ან მხარს უჭერს ამას“. უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთი არის ნატო-ს ღირებული მოკავშირე და აშშ-ის პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება ვაშინგტონისთვის პრიორიტული საკითხია.