თურქეთის საგარეო უწყება - თეირანში ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო მკვლელობა მიზნად ისახავს ღაზის ომის რეგიონის მასშტაბით გავრცელებას
თურქეთი გმობს ირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას.
განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში მომხდარი „თეირანში განხორციელებულ სამარცხვინო მკვლელობად“ შეაფასეს.
ანკარაში ამბობენ, რომ „ეს თავდასხმა ასევე მიზნად ისახავს ღაზის ომის რეგიონის მასშტაბით გავრცელებას“.
როგორც „ჰამასში“ დღეს განაცხადეს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.