თურქეთის საგარეო უწყება - ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობა და ინტერესები დარტყმის ქვეშ თუ დადგება, ხალიფა ჰაფთარის ფორმირებას კანონიერ სამიზნედ ჩავთვლით
ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობა და ინტერესები დარტყმის ქვეშ თუ დადგება, ხალიფა ჰაფთარის ფორმირებას კანონიერ სამიზნედ ჩავთვლით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ჰაფთართან დაკავშირებულმა უკანონო ფორმირებებმა სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
„მხოლოდ 9 მაისს, ჰაფთართან დაკავშირებულმა ელემენტებმა ტრიპოლის ცენტრის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს და ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი აწარმოეს. თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე დიპლომატიური მისიები, მათ შორის ტრიპოლიში ჩვენი საელჩო, მიტიგას აეროპორტი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაშავდნენ. ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობა და ინტერესები დარტყმის ქვეშ თუ დადგება, ხალიფა ჰაფთარის ფორმირებას კანონიერ სამიზნედ ჩავთვლით“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ხალიფა ჰაფთარის არმიაში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას უარყოფენ. ლიბიელი ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფთარი, გაერო-ს მიერ აღიარებულ მთავრობას ებრძვის და ტრიპოლის აღებას ცდილობს. ხალიფა ჰაფთარს მხარს უჭერენ რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ლიბიის მთავრობას კი, გაერო, იტალია და თურქეთი.