თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელში ბირთვული იარაღის არსებობამ, შესაძლოა, გააძლიეროს ბირთვული შეიარაღების რბოლა, რაც გამოიწვევს არასახარბიელო ვითარებას მთელი მსოფლიოსთვის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელში ბირთვული იარაღის არსებობამ, შესაძლოა, გააძლიეროს ბირთვული შეიარაღების რბოლა, რაც გამოიწვევს არასახარბიელო ვითარებას მთელი მსოფლიოსთვის

ისრაელში ბირთვული იარაღის არსებობამ, შესაძლოა, გააძლიეროს ბირთვული შეიარაღების რბოლა, რაც გამოიწვევს არასახარბიელო ვითარებას მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„ისრაელში ბირთვული იარაღის არსებობა მრავალი წლის განმავლობაშია ცნობილი, მაგრამ არაღიარებული საიდუმლოა, ფაქტი, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ არავინ აღიარა. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელმა განავითარა თავისი ბირთვული შესაძლებლობები და ჩვენ ასევე ვიცით, რომ ამ კუთხით მან მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა როგორც აშშ-ისგან, ასევე ევროპისგან. ასე რომ, ეს საიდუმლო არ არის“, – განაცხადა ფიდანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონისა და სხვა ქვეყნების სრული დენუკლეარიზაციის აუცილებლობას.

თურქეთსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განსხვავებული პოზიციების შესახებ ფიდანმა თქვა, რომ ანკარა მხარს უჭერს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რათა ჰუმანიტარული დახმარება უწყვეტად მიეწოდოს ღაზის სექტორს.

თურქეთი არ მიიჩნევს „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად. ფიდანის თქმით, „ჰამასი“ მოქმედებს, როგორც პოლიტიკური პარტია პალესტინის სახელმწიფო სისტემაში.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ჩვენთან ერთად მას 140-მდე ქვეყანაც აღიარებს. ჩვენ არ ვაკვალიფიცირებთ არცერთ სახელმწიფოში მოქმედ პარტიებს ტერორისტულად ან არატერორისტულად“, – აღნიშნა ფიდანმა.