თურქეთის საელჩოსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს და თურქეთს მოუწოდეს, დაეხმაროს უკრაინას მარიუპოლის ტერიტორიიდან მოქალაქეებისა და დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციაში
თურქეთის საელჩოსთან მოქალაქეებმა უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, თურქეთს შეუძლია, მარიუპოლის ტერიტორიაზე ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი მებრძოლების გამოყვანაში უკრაინას დახმარება გაუწიოს.
მათი განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამოქალაქო პირები და მებრძოლები უკვე რამდენიმე თვეა, იმყოფებიან და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას.
„ორ თვეზე მეტია, მარიუპოლი ალყაშია და მარიოპოლში აზოვსტალის ტერიტორიაზე, აზოვის პოლკი გმირულად იბრძვის, აჩერებს მტერს, მაგრამ უკვე ძალიან გაუჭირდათ. ძნელია უკვე მოგერიება, ჰყავთ ბევრი დაჭრილი, სამოქალაქო პირები და რუსეთი არ აძლევთ საშუალებას, დატოვონ ტერიტორია და გაიყვანონ დაჭრილები. ერთადერთი ძალა, ვისაც ეს შეუძლია, არის თურქეთი, რომელსაც მართლა შეუძლია, მოახდინოს მათი ევაკუაცია და სამშვიდობოს გაყვანა. გვაქვს თხოვნა, დაეხმარონ, არ დატოვონ ეს ბიჭები და იქ დარჩენილი პირები, მოსახლეობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ირაკლი ახვლედიანმა.