თურქეთის საელჩო - თურქეთში C ჰეპატიტის წინააღმდეგ გამოიყენება იმავე ტიპის მედიკამენტები, როგორიც - საქართველოში
თურქეთის საელჩო - თურქეთში C ჰეპატიტის წინააღმდეგ გამოიყენება იმავე ტიპის მედიკამენტები, როგორიც - საქართველოში

თურქეთში C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იმავე ტიპის მედიკამენტები, როგორიც – საქართველოში, – ასე ეხმაურება საქართველოში თურქეთის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პაციენტები, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით მკურნალობენ, ორ წელიწადში თურქეთის კლინიკებში სიმსივნის დიაგნოზით ჩადიან. ეს განცხადება თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის ქართველმა მრჩეველმა გააკეთა.

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

„თურქეთი და საქართველო ისევე როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულბელვყოთ არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები“, – აღნიშნულია თურქეთის საელჩოს ინფორმაციაში.