ვახტანგ გომელაური - ჩვენ, მეგობრები, ვალდებული ვართ, გვერდით დავუდგეთ თურქეთს
ვახტანგ გომელაური - ჩვენ, მეგობრები, ვალდებული ვართ, გვერდით დავუდგეთ თურქეთს

პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს და დებს, თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის საელჩოში სამძიმრის წერილის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მეგობრები ვალდებული ვართ, გვერდით დავუდგეთ თურქეთს.

„ძალიან დიდი უბედურება მოხდა. დილითვე ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება. თქვენ იცით, რომ ჩვენი მაშველები ადგილზე არიან, იმ ეპიცენტრში, სადაც უმძიმესი ვითარებაა და მოხდა დილითვე მობილიზება ჩვენი მაშველების. 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, მეორე დღეს 40 ადამიანი დაემატა და დღეს იქ ჩვენი 100 მაშველია. ადგილზე მუშაობენ. სამი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 დაღუპული იყო. ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდით, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება.

ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც საქართველოში რაღაც გვიჭირს, ეს არის ხანძრები, თუნდაც ბათუმის ტრაგედია, არა ჩვენი თხოვნით, არამედ პირველი თვითონვე რეკავენ, გვთავაზობენ დახმარებას და პირველები მოდიან დასახმარებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მეგობრები, ვალდებული ვართ, გვერდით დავუდგეთ ბოლომდე, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, გომელაურს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით მილიონი ლარი გამოიყო. გომლაურის თქმით, ეს ნიშნავს, „მეგობრობას, იმ გვერდით დგომას, რასაც ვხედავთ ყოველთვის ჩვენი თურქი მეგობრებისგან, თურქეთის მთავრობისგან და ხალხისგან“.