თურქეთის საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ჰურიეთი“ ავრცელებს.
სტამბოლში 31 მარტს გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ოპოზიციონერ კანდიდატ ექრემ იმამოღლუსთან დამარცხდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სტამბოლში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. განმეორებითი არჩევნები სტამბოლში სავარაუდოდ 23 ივნისს ჩატარდება.
თურქეთის უმსხვილეს ქალაქში ჩატარებული არჩევნების შედეგები მმართველმა პარტიამ 9 აპრილს გაასაჩივრა. მათი მტკიცებით, არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობა მიიღო 40 000-მა ამომრჩეველმა, ხოლო საარჩევნო საუბნო კომისიების წევრების დანიშვნა რიგ შემთხვევაში დარღვევებით მოხდა. ხელისუფლებამ 43 უბნის საარჩევნო კომისიის წევრები ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულა.
31 მარტის არჩევნების შედეგებით, სტამბოლში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე 14 000 ხმით მეტი დააგროვა. 17 აპრილს „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი ექრემ იმამოღლუ მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ სტამბოლში არჩევნების ხელახლა ჩატარების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიცია საგანგებო სხდომას მართავს.
31 მარტს გამართული მუნიციპალური არჩვენების შედეგად, პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, დედაქალაქ ანკარასა და თურქეთის უმსხვილეს ქალაქ სტამბოლში ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაიმარჯვა.