თურქეთის პროკურატურამ რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში 28 ადამიანს, მათ შორის ფეთჰულა გიულენს დასდო ბრალი
თურქეთის პროკურატურამ რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებაში 28 ადამიანს დასდო ბრალი, მათ შორის აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს.
თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმე სასამართლოს უკვე გადასცა. თურქეთის პროკურატურის საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რუსი დიპლომატის მკვლელობა ორგანიზებული იყო ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოს“ მიერ, რომელიც თურქეთში ტერორისტულად არის აღიარებული.
პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობა იყო პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება.
ანკარაში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმა 2016 წლის 19 დეკემბერს მოხდა.