თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამმხრივი სამიტის შედეგი სირიაში მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება
თურქეთი სირიის იდლიბის რეგიონს ასადის რეჟიმის წყალობის იმედად ვერ დატოვებს, – ამის შესახებ თეირანში გამართულ სამმხრივ სამიტზე, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ანკარას არ სურს, რომ იდლიბი „სისხლის გუბედ“ გადაიქცეს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ იდლიბი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთის უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი რეგიონის მშვიდობისთვის. თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამმხრივი სამიტის შედეგი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება და სირიაში მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება.
„გარანტორმა ქვეყნებმა სირიაში ძალადობის ახალი ტალღის დაწყება არ უნდა დაუშვან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში დაბომბვები შეწყდეს. როდესაც შედეგი არის სიკვდილი, არ აქვს მნიშვნელობა, თავდასხმის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენეს თუ კონვენციური“, – თქვა ერდოღანმა.
თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. სამმხრივი სამიტის ფორმატში, ლიდერებმა ასტანის ფორმატის ფარგლებში სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელეს.