თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - თურქეთი რუსეთს წარსულში 16-ჯერ ეომა და ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს
თურქეთი რუსეთს წარსულში 16-ჯერ ეომა და ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, მესუთ ჰაკი ჩაშინმა, ახალი ამბების ქსელ „ა-ჰაბერის“ ეთერში განაცხადა.
სტამბოლის იედიტეპეს უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც საგარეო საკითხებში ერდოღანის მრჩეველთა საბჭოს წევრია, ასევე თქვა, რომ თურქეთის შურისძიება საშინელი იქნება. ამასთან, მესუთ ჰაკი ჩაშინმა აღნიშნა, რომ რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, შიგნიდან დაიშლება.
რუსეთს და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 თებერვალს, რუსეთისგან მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო არმიამ, თურქი სამხედროების კოლონა დაბომბა. ავიაიერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.