თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც პრესასა და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს
თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თიაფ ერდოღანის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კანონპროექტს აკრიტიკებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიის თავისუფლების დამცველი აქტივისტები, რადგან მათი აზრით, ახალი კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
კრიტიკოსების ყველაზე მეტ შეშფოთებას კანონის 29-ე მუხლის იწვევს, რომლითაც „შიშისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით“ თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონი საბოლოო დამტკიცებისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება.