თურქეთის პარლამენტი დღეს უსაფრთხოების შესახებ კანონს უყრის კენჭს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ ხელისუფლებას, ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, უფრო ფართო უფლებამოსილება ენიჭება.
რეგულაციები შესაძლებელს გახდის, გაიზარდოს წინასწარი დაკავების პერიოდი, სამსახურიდან დაითხოვონ საჯარო მოხელეები. აღნიშნულმა კანონმდებლობამ, ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდგომ, ორი წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უნდა ჩაანაცვლოს. საგანგებო ვითარება პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ გააუქმა.
გასული ორი წლის განმავლობაში, ამბოხის ორგანიზებაში ან სავარაუდო ორგანიზატორებთან შესაძლო კავშირის ბრალდებით, თურქეთში160 ათასამდე ადამიანი დააკავეს და დაახლოებით ამდენივე სამსახურიდან დაითხოვეს. დაკავებულთაგან 77 ათასს ბრალი წარდგენილი აქვს და სასამართლოს განაჩენს ელის. წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ათასობით პირი, რომელთა მიმართაც დღემდე პროკურატურას ბრალი არ აქვს წაყენებული.