თურქეთის ომბუდსმენი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე მუშაობენ
თურქეთის ომბუდსმენი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე მუშაობენ

უკრაინა და რუსეთი ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე მუშაობენ. „სიენენ თურქის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა, სერეფ მალქოქმა განაცხადა, რომელმაც გასულ კვირას ანკარაში რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრას უმასპინძლა.

მისი ცნობით, შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ რუსეთის ომბუდსმენს – 800, რუსულმა მხარემ კი უკრაინას 200 ადამიანისგან შემდგარი სია გადასცა.

„ეს არის დაჭრილების, ტყვეების სია. ამას გარდა, არის ათასობით ბავშვი, არიან ქალები, არის სხვა პრობლემები. თუ შევძლებთ „სტამბოლის პლატფორმის“ შექმნას, ამ საკითხის განხილვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი. ჩვენ ამ მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში ვართ“, – აღნიშნა თურქეთის ომბუდსმენმა.

მისი თქმით, ანკარა მზად არის, თურქეთში შექმნას „ჰუმანიტარული დერეფანი“ ნებისმიერი გაცვლისთვის.