თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება

თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება. თურქეთის საელჩომ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ჩვენ მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, – წერია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.