თურქეთის ხელისუფლების მიერ რუსული გემის გათავისუფლების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს
თურქეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი Zhibek Zholy, რომელიც თურქეთში ოკუირებული ბერდიანსკიდან შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის ელჩი დაიბარეს.
„უკრაინის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ოპერატიული ჩარევის შედეგად, ამ ხომალდმა ვერ შეძლო მოპარულის გადმოტვირთვა და ის დააკავეს. თურქულ მხარეს გაუგზავნეს ხომალდისა და ტვირთის დაკავების მოთხოვნა. ამავე დროს, უკრაინული მხარის მიმართვის უგულებელყოფით, 6 ივლისის საღამოს ხომალდი გაუშვეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შექმნილ სიტუაციას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებაში თურქეთის ელჩია მიწვეული.
„უკრაინულმა მხარემ ღრმა მწუხარებით აღიქვა მითითებული ინფორმაცია და მიმართავს თურქულ მხარეს დაჟინებული თხოვნით, ჩაატაროს აღნიშნული სიტუაციის გამოძიება და წარადგინოს ამომწურავი პასუხი უკრაინის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებზე, ასევე ყველა საშუალებით აღკვეთოს მსგავსი შემთხვევები მომავალში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.