თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა
თურქეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ოპერაცია მშვიდობიანი გაზაფხული“ ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი.
თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთის არმიის მხარდასაჭერად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით „სირიის ეროვნული არმია“ შევიდა. აღნიშნული სამხედრო დაჯგუფება თურქეთის მიერ არის აღჭურვილი და გაწვრთნილი. ქურთული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების შემდეგ რვა მშვიდობიანი მოქალაქე და „სირიის დემოკრატიული ძალების“ 16 მებრძოლი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის ფარგლებში თურქეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები გახდა.
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ანკარა გაერო-ს ქარტიის მიხედვით მოქმედებს, რომელიც თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს. „საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში“ აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციამ დევნილად, შესაძლოა, 300 000 ადამიანი აქციოს.