თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულომ თავისი დიპლომატიური მანქანის ჩხრეკის ნებართვა არ მისცა
თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულომ თავისი დიპლომატიური მანქანის ჩხრეკის ნებართვა არ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, საუდის არაბეთის საკონსულოს კუთვნილი მანქანა სტამბოლის ცენტრში, სულთანღაზის უბანში იპოვეს.
ამასთან, CNN Turk-ი იუწყება, რომ თურქ გამომძიებლებს მანქანის გაჩხრეკის საშუალება ხვალ მიეცემათ.
მანქანის გაჩხრეკა თურქ სამართალდამცველებს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში სურთ.
საუდის არაბეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ერ-რიადმა აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში „ჩხუბის“ დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით კი, ხაშოგის მკვლელობა დეტალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო.
ანკარას ცნობით, ჯამალ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, ცხედარი კი დაანაწევრეს.