თურქეთის იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ანკარა განაახლებს თავის მოთხოვნას შვედეთისა და ფინეთის მიმართ იმ პირთა ექსტრადირებაზე, რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს
თურქეთი განაახლებს თავის მოთხოვნას შვედეთისა და ფინეთის მიმართ, რათა მოხდეს იმ პირთა ექსტრადირება, რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ექვსი წევრის, ასევე „ფეტოს“ ექვსი წევრის საქმეები არის ფინეთში, ხოლო „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 11 წევრისა და „ფეტოს“ ათი წევრის საქმეები კი შვედეთში. შეთანხმების შემდეგ მათ ექსტრადირებაზე კიდევ მივმართავთ“, – აღნიშნა ბოზდაგმა.
თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის მადრიდში მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ოფიციალური ანკარას მხრიდან ალიანსის წევრობის ორი კანდიდატი ქვეყნის განბლოკვის თაობაზე. საპასუხოდ, შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“(PKK) და „სახალხო თავდაცვის ნაწილებს“ (YPG).