თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის 20 პარტიაში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა
საკარანტინო მავნე ორგანიზმები წელს თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის 20 პარტიაში აღმოჩნდა. შესაბამისი მონაცემები პირველ არხს შემოსავლების სამსახურიდან მიაწოდეს.
18 შემთხვევაში, ეს იყო კარტოფილის კიბო. ლაბორატორიული კვლევით, ასევე დადასტურდა ოქროსფერი ნემატოდას და მურა სიდამპლეს არსებობა.
შემოსავლების სამსახურის ცნობითვე, 2017 წელს მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა თურქეთიდან შემოტანილ 12 პარტიაში. მათ შორის 7 შემთხვევა -კარტოფილის ჩრჩილი, 4 -კარტოფილის კიბო, ერთი კი რგოლური სიდამპლე იყო.
ყველა სასაქონლო პარტია, სადაც გამოვლინდა დარღვევა, დაექვემდებარა უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოში სწორედ თურქეთიდან შემოდის. 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე იმპორტის მოცულობამ 21 615 ტონა შეადგინა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ივნისამდე თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი აიკრძალა.