თურქეთი შავ ზღვაზე მორიგ საძიებო-ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში, ქვეყანას შავ ზღვისპირეთში კიდევ ერთი საძიებო-საბურღი სამუშაოების ჩატარება შეეძლება.
მინისტრის თქმით, რეგიონს ენერგეტიკული პოტენციალი აქვს და მათ მიერ გასულ წელს მიღებული მონაცემებით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ველზე შესაძლოა, შესაბამისი მარაგები აღმოჩნდეს.
„მიმდინარე წელს, ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაზე კიდევ ერთი საძიებო-საბურღი სამუშაოების დაგეგმვა შეგვიძლია. ვიცით, რომ რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჩვენ მიერ განხორციელებულმა საძიებო სამუშაოებმაც დაადასტურა“, – განაცხადა მინისტრმა.
გასულ წელს თურქმა მკვლევარებმა შავ ზღვაზე, ე.წ. საქარიას ტუნა-1-ის ველზე ჯამში 405 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის არსებობის შესახებ განაცხადეს, რაც შავი ზღვის რეგიონში ყველაზე დიდი აღმოჩენაა.
ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ 2023 წლისთვის ბუნებრივი აირის მოპოვებასა და გამოყენებას გეგმავს, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებულებას.
ბოლო წლებში თურქეთის რესპუბლიკამ ინტენსიურად დაიწყო მის სანაპირო ზოლზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ მოწყვლადობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.