თურქეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს
თურქეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. როგორც პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები და 18 წლამდე ახალგაზრდები სახლიდან გასვლას შეძლებენ.
ხანდაზმულებს გარეთ გასვლა დილის 10:00 საათიდან საღამოს 08:00 შეეძლებათ, ბავშვების სახლიდან გაყვანა კი, მშობლების თანხლებით იქნება შესაძლებელი.
პირველი ივლისიდან ქვეყანაში გაიხსნება კინოდარბაზები და თეატრები, ასევე საქორწინო დარბაზები.
რესტორნებსა და კაფეებს კი, სამუშაო საათები გაუხანგრძლივდათ, კერძოდ აღნიშნულ დაწესებულებებს მუშაობა შუაღამემდე შეეძლებათ.
თურქეთში რესტორნები და კაფეები, ასევე სპორტული დაწესებულებები პირველი ივნისიდან გაიხსნა. მიმდინარე თვის დასაწყისიდან ქვეყანაში დასაშვები გახდა საქალაქთაშორისო გადაადგილება.
მთავრობის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტი წარადგენს ინიციატივებს სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდისთვის.
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 993 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.