თურქეთი სირიის პროვინცია იდლიბის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ფაჰრეთინ ალთუნმა გააკეთა. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა სირიიდან იძულებით გადაადგილებული პირები დაცულები იყვნენ.
„ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში, ფაჰრეთინ ალთუნი აცხადებს, რომ „თუ იდლიბის რეგიონში ძალადობა არ შეწყდება, მაშინ რუსეთი და ირანი, რომლებიც ბაშარ ასადს უჭერენ მხარს, სანდოობას დაკარგავენ“.
მისივე თქმით, იდლიბში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები უკვე რამდნიმე თვეა ბაშარ ასადის არმიის სამიზნეს წარმოადგენენ.
„მილიონობით მოქალაქეს უკვე თვეებია ბომბავენ. სამიზნეს წარმოადგენს ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოები. ჩვენს თვალწინ გენოციდი ხდება. ვისაც სინდისი აქვს, ხმა უნდა აიმაღლოს“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
ბოლო მონაცემებით, იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.